-
-
მოგვწერეთ
გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი
სიკეთის იდეა
ვინაიდან ცნება თვითონ არის თავისი თავის საგანი, თავისთავად და თავისთვის განსაზღვრული , სუბიექტი თავის თავს განსაზღვრავს როგორც ცალკეული. მას როგორც სუბიექტურს მაინც აქვს თავისთავად არსებული სხვადყოფნის წანამძღვარი. ის არის ჟინი, რეალიზება უყოს თავის თავს; - მიზანი, რომელსაც სურს თავის თავს თავით თვისით მიანიჭოს ობიექტურობა ობიექტურ სამყაროში და განახორციელოს თავის თავი. თეორიულ იდეაში სუბიექტური ცნება როგორც საყოველთაო თავისთავად და თავისთვის განსაზღვრულსმოკლებული უპირისპირდება ობიექტურ სამყაროს, საიდანაც ის თავის განსაზღვრულ შინაარსსა და აღვსებას იღებს. პრაქტიკულ იდეაში კი ის ნამდვილის წინაშე დგას როგორც ნამდვილი; მაგრამ თვითუტყუარობა, რომელიც აქვს სუბიექტს თავის თავისთავად და თავისთვის განსაზღვრულად მყოფობაში მისი საკუთარი ნამდვილობისა და სამყაროს არანამდვილობის უტყუარობაა. მისთვის ბათილია არა მარტო მისივე სხვადყოფნა როგორც აბსტრაქტული საყოველთაობა, არამედ მისი ცალკეულობა და მისი ცალკეულობის განსაზღვრებები. ობიექტურობას აქ სუბიექტი თვითონვე აფუძნებს. თავის თავში განსაზღვრულობა არის ობიექტური, რადგანაც ის არის საყოველთაობა, რომელიც ზუსტად ასევე ყოვლითურთ განსაზღვრულია. სამყარო, რომელიც ადრე ობიექტური იყო, პირიქით, ჯერ ისევ მხოლოდღა დადგენილი, ყოვლითურთ უშუალოდ განსაზღვრულია; მაგრამ, რამდენადაც მხოლოდღა უშუალოდაა განსაზღვრული, ცნების ერთიანობას საჭიროებს და ბათილია როგორც ასეთი.
სიკეთე არის განსაზღვრება, რომელიც ცნებაში შედის, მისი ტოლფასია და ცალკეულად გარეგნულ სინამდვილეს მოითხოვს. ის ამჟღავნებს აბსოლუტური არსებობის ღირსებას, რადგანაც მას თავის თავში აქვს ცნების ტოტალობა, ობიექტური, რომელიც იმავდროულად თავისუფალი ერთიანობისა და სუბიექტურობის ფორმით არსებობს. ეს იდეა უფრო მაღალია ვიდრე განხილული შემეცნების იდეა, რადგანაც მას აქვს არა მარტო საყოველთაოს ღირსება, არამედ უბრალოდ ნამდვილისაც. ის არის ჟინი, რამდენადაც ეს ნამდვლი ჯერ ისევ სუბიექტურია, თავისი თავის მდგენი, რომელსაც იმავდროულად არ აქვს უშუალო წანამძღვარი. თვითრეალიზაციისკენ მისი სწრაფვა, საკუთრივ თუ ვიტყვით, მდგომარეობს იმაში, რომ თავის თავს არა ობიექტურობა - რაც მას შინაგანად აქვს -, არამედ უშუალობის ოდენ ეს ცარიელი ფორმა მიანიჭოს. – ამიტომ მიზნის მოღვაწეობა/მოქმედება მიმართულია არა თავის თავზე, რათა ის გაითავისოს, არამედ იმაზე, რომ პირიქით საკუთარი განსაზღვრება დაადგინოს და გარესამყაროს განსაზღვრულობათა მოხსნა-შენახვის საშუალებით გარეგანი სინამდვილის ფორმით რეალობა შეიმოსოს. ნების იდეას როგორც თვისი თავის თვითმდგენს თავისი შინაარსი თავისთვის თავის თავშივე აქვს. სახელდობრ ეს არის განსაზღვრული შინაარსი და ამდენად სასრულია და ზღვარდებული, თვითგანსაზღვრება არსებითად გა(ნ)საკუთრებაა, მაგრამ ნების რეფლექსია თავის თავში როგორც უარყოფითი ერთიანობა საზოგადოდ ცალკეულობაა გამორიცხვისა და სხვის წინასწარგულისხმობის აზრით. მაგრამ შინაარსის განსაკუთრებულობა, უპირველს ყოვლისა, უსასრულოა ცნების ფორმის წყალობით, რომლის საკუთრივი განსაზღვრებაც ის არის და რომელშიც მას თავის თავთან ნეგატიური იდენტობა და არა ოდენ განსაკუთრებული, არამედ თავისი უსასრულო ცალკეულობა აქვს. ამგვარდ, შინაარსის ზემოხსენებული სასრულობა, უპირველეს ყოვლისა, პრაქტიკულ იდეაში სხვა არაფერია თუ არა ჯერ კიდევ განუხორციელებელი იდეა. მისთვის ცნება თავისთავად და თავისთვის არსებულია. ის აქ არის იდეა თავისთვის არსებული ობიექტურობის ფორმაში. ამიტომ, ერთი მხრივ, სუბიექტური მასში აღარ არის მხოლოდღა დადგენილი, თვითნებური თუ შემთხვევითი, არამედ აბსოლუტურია. მაგრამ მეორე მხრივ, ეგზისტენცის ამ ფორმას, თავისთვის ყოფნას ჯერ კიდევ არ აქვს თავისთავად არსებობის ფორმა. ის, რაც ამგვარად ფორმის როგორც ასეთის მიხედვით წინააღმდეგობად გამოჩანს, მარტივ იგივეობად რეფლესირებული იგივეობის ცნების ფორმაში, ე.ი. შინაარსში მის უბრალო განსაზღვრულობად წარმოჩინდება. სიკეთე თუმცაღა თავისთავად და თავისთვის მნიშვნელადი, ამის საშუალებით რაღაც განსაკუთრებული მიზანია, რომელმაც თავისი ჭეშმარიტება პირველად რეალიზაციის გზით როდი უნდა მიიღოს, არამედ უკვე არის თავითვის ჭეშმარიტი. უშუალო რეალიზების ეს დასკვნა არ საჭიროებს უფრო გამოწვლილვით გადმოცემას. ის ყოვლითურთ გარეგანი მიზანშეწონილობის ზემოგანხილული სილოგიზმის დანასკვია. განსხვავება მხოლოდ შინაარსშია. გარეგანში როგორც ფორმალურ მიზანშეწონილებაში ის იყო საზოგადოდ განუსაზღვრელი სასრული შინაარსი. აქ ის ასევე სასრულია, მეორე მხრივ, როგორც ასეთი ის იმავდოულად აბსოლუტურად მნიშვნელადია. მაგრამ დასკვნასთან, განხორციელებულ მიზანთან მიმართებით თავს იჩენს შემდგომი განსხვავება. სასრული მიზანი თავის რეალიზაციაში ზუსტად ასევე მხოლოდ საშუალებას აღწევს; ამგვარად, ის თავის დასაწისში ჯერ კიდევ არ არის თავისთავად და თავისთვის განსაზღვრული მიზანი; ის როგორც განხორციელებული მიზანი კვლავაც რჩება ისეთ რამედ, რაც არ არის თავისთავად და თავისთვის. თუ სიკეთე ისევ დგინდება როგორც რაღაც სასრული და ასეთია თავისი არსის მიხედვით, ისიც თავისი შინაგანი უსასრულობის მიუხედავად თავს ვერ აღწევს სასრულის ბედს; - ბედს, რომ თავი გამოავლინოს მრავალ ფორმაში. განხორციელებული სიკეთე იმის ძალით არის სიკეთე, რაც ის უკვე სუბსტანციურ მიზანში, იდეაში არის. განხორციელება მას გარეგნულ უშუალო არსებობას ანიჭებს. მაგრამ ეს უშუალო არსებობა განისაზღვრება მხოლოდ როგორც თავისთავად და თავისთვის ბათილი გარეგამოხატულება; ამგვარად, სიკეთეს მასში მხოლოდ შემთხვევითი, განადგურების დამშვები უშუალო არსებობა აქვს, რომელიც ვერ აღწევს თავისი იდეის შესატყვის განხორციელებას. გარდა ამისა რამდენადაც ის თავისი შინაარსის მიხედვით ზღვარდებულია, ამდენად სიკეთეც სხვადასხვაგვარია. ეგზისტირებული სიკეთე არა მარტო გარეგანი შემთხვევითობისა და ბოროტების საშუალებით განადგურებას ექვემდებარება, არამედ თვით სიკეთის კოლიზიისა და კონფლიქტის საშუალებითაც. ობიექტური სამყაროს მხრიდან, რომელიც მას წანამძღვრად აქვს, რომელ წანამძღვარშიც მდგომარეობს სიკეთის სუბიექტურობა და სასრულობა და რომელიც ისე როგორც სხვა არაფერი თავისი გზით მიდის, სიკეთის განხორციელება დაბრკოლებებს აწყდება და შეუძლებელიც კი ხდება. ამგვარად, სიკეთე რჩება ჯერარსად; ის არსებობს თავისთავად და თავისთვის, მაგრამ არსებობა როგორც საბოლოო, აბსტრაქტული უშუალობა მასთან მიმართებით განსაზღვრული რჩება, აგრეთვე, როგორც არარსებობა. მართალია სრულყოფილი სიკეთის იდეა აბსოლუტური პოსტულატია, მაგრამ პოსტულატია და მეტი არაფერი ე.ი. აბსოლუტი, რომელიც დამძიმებულია სუბიექტურობის გარკვეულობით. ჯერ კიდევ დაპირისპირებულია ორი სამყარო, ერთი არის სუბიექტურობის სამეფო გამჭვირვალე აზრის წმინდა სივრცეებში, მეორეა ობიექტურობის სამეფო გარეგნულად მრავაფეროვანი სინამდვილის ელემენტში, რომელიც წყვდიადის გაუხსნელი/ჩაკეტილი/ unaufgeschlossenes Reich სამეფოა. გადაუჭრელ წინააღმდეგობათა სრული განვითარება, ის აბსოლუტური მიზანი, რომელსაც ეღობება წინ ამ სინამდვლის დაუძლეველი საზღვარი - გამოწვლილივით არის განხილული სულის ფენომენოლოგიაში, გვ. 453. რამდენადაც იდეა თავის თავში შეიცავს სრული განსაზღვრულობის მომენტს, ამდენად სხვა ცნებას, რომელსაც ცნება მასში მიემართება, თავის სუბიექტურობაში იმავდროულად აქვს რაღაც საგნის/ობიექტის მომენტი; ამიტომ იდეა აქ გამოდის თვითცნობიერების სახით/გეშტალტით და ამ ერთი ასპექტის მიხედვით ემთხვევა მის ექსპოზიციას. მეორე მხრივ, ის, რაც ჯერ კიდევ აკლია პრაქტიკულ იდეას, არის თვითონ საკუთრივი ცნობიერების მომენტი, რომ სახელდობრ სინამდვილის მომენტი ცნებაში თავისთვის გარეგანი არსებობის განსაზღვრებას მიაღწევდა. ეს ნაკლი შეიძლება, ასევე, იმგვარად განვიხილოთ, რომ პრაქტიკულ იდეას ჯერ კიდევ არ აქვს თეორიული იდეის მომენტი. სახელდობრ, თეორიულ იდეაში სუბიექტური ცნების მხარეს, რომელსაც ჭვრეტს ცნება თავისი თავის შიგნით მხოლოდ საყოველთაობის განსაზღვრებაა; შემეცნება თავისი თავს აცნობიერებს როგორც მხოლოდღა წვდომას, განუსაზღვრელ იგივეობას ცნებისა თავისსავე თავთან. მისთვის მოცემულია აღვსება ე.ი. თავისთავად და თავისთვის განსაზღვრული ობიექტურობა და ჭეშმარიტად არსებული, სუბიექტური დადგენისგან დამოუკიდებლად მყოფი სინამდვილე. პრაქტიკული იდეისთვის ეს სინამდვილე, რომელიც მას უპირისპირდება როგორც გადაულახავი ზღუდე ბათილად მიიჩნევა, რომელმაც თავის ჭეშმარიტი განსაზღვრება და ერთადერთი ღირებულება მხოლოდ და მხოლოდ სიკეთის იდეის მიზნების საშუალებით უნდა შეიძინოს. ამიტომ ნება მისი მიზნის მიღწევას თვითონვე ეღობება წინ იმით, რომ ის წყდება შემეცნებას და გარეგანი სინამდვილე მისთვის არ იძენს ჭეშმარიტად არსებულის ფორმას. ამიტომ, სიკეთის იდეამ თავისი განსრულება შეიძლება მხოლოდ ჭეშმარტის/ჭეშმარიტების იდეაში ჰპოვოს.
მაგრამ ის/სიკეთის იდეა თავისი თავიდან ამ გადასვლას თვითვე ახორციელებს. მოქმედების სილოგიზმში ერთი წანამძღვარი არის კეთილი მიზნების უშუალო კავშირი სინამდვილისადმი, რომელსაც ის ეუფლება და რომელსაც ის მეორე წანამძღვარში როგორც გარეგან საშუალებას გარეგანი სინამდვილის წინააღმდეგ მიმართავს. სიკეთე სუბიექტური ცნებისთვის არის ობიექტური; სინამდვილე თავის უშუალო არსებობაში მხოლოდ იმდენად უპირისპირდება მას როგორც გადაულახავი დაბრკოლება, რამდენადაც მას ჯერ კიდევ აქვს უშუალო არსებობის განსაზღვრება, მაგრამ არ აქვს ობიექტურობა თავისთავადი და თავისთვის არსებობის აზრით. პირიქით, ის ან ბოროტია ან გულგრილი, მხოლოდღა განსაზღვრების დამშვები, რომელსაც თავისი ღირებულება თვის თავში არ აქვს. მაგარამ ამ აბსტრაქტულმა არსებობამ, რომელიც სიკეთეს მეორე წანამძღვარში უპირისპირდება თვითონვე უკვე მოხსნა და შეინახა პრაქტიკული იდეა. მისი მოქმედების პირველი წანამძღვარი ცნების უშუალო არსებობაა, რომლის წყალობითაც მიზანი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ეზიარება სინამდვილეს და მასთან მარტივ, იდენტურ მიმართებაში იმყოფება. ამგვარად, აუცილებელია ის, რომ მისი/პრაქტიკული იდეის ორივე წანამძღვრის აზრები ერთიანობაში მოვიყვანოთ. იმას, რაც ობიექტური ცნების შესახებ პირველ წანამძღვარში უკვე შესრულდა, მეორეში, უპირველეს ყოვლისა, მხოლოდ ის უნდა დაემატოს, რომ გაშუალების გზით ეს, ამასთანავე, მისთვისაც /ცნებისთვისაც დადგინდა. და მსგავსად იმისა, რომ განხორციელებელი მიზანი მართალია, ისევ და ისევ ოდენ საშუალებაა და პირიქით საშუალება მხოლოდ განხორციელებული მიზანია, სიკეთის სილოგიზმში მეორე წანამძღვარი როგორც თავისთავად უკვე უშუალოდ მყოფობს პირველ წანამძღვარში. მაგრამ ეს უშუალობა აღარ არის საკმარისი და მეორე წანამძღვარში პირველის პოსტულირება ხდება. სიკეთის განხორციელება სხვა, მისდამი დაპირისპირებული სინამდვილის მიუხედავად ის გაშუალებაა, რომელიც არსებითია უშუალო მიმართებისთის და აუცილებელია სიკეთის განამდვილებულად ყოფნისთვის. რადგანაც ეს არის პირველი ნეგაცია/უარყოფა ანდა ცნების სხვადყოფნა, ობიექტურობა, რომელიც გარეგნულში ჩაძიროლობა იქნებოდა; მეორე უაროფა ამ სხვადყოფნის მოხსნა-შენახვაა, რომლის საშუალებითაც მიზნის უშუალო ხორცშესხმა პირველად იქცევა სიკეთის როგორც თავისთვის არსებული ცნების სინამდვილედ, რადგანაც ის მასში არა სხვისი, არამედ თავისი თავის იგივეობრივი ხდება და მაშასადამე დგინდება როგორც თავისუფალი. მაგრამ თუ ამით კეთილი მიზანი ჯერ კიდევ არ არის განხორციელებული, მაშინ ეს იქნებოდა ცნების უკუქცევა იმ პოზიციაზე, რომელიც მას თავის მოღვაწეობამდე ეკავა; - ბათილად მიჩნეული და მაინც რეალური სახით დაწანამძღვრებული სინამდვილის პოზიციაზე; უკუქცევა, რომელიც ცუდ უსასრულობაში წინსვლად იქცევა და თავისი საფუძველი მხოლოდ იმაში აქვს, რომ იმ აბსტრაქტული რეალობის მოხსნა-შენახვაში ეს მოხსნა-შენახვა უშუალოდ დავიწყებულ იქნება ანდა დავიწყებულ იქნება ის, რომ ეს რეალობა უკვე არის დაწანამძღვრებული როგორც თავისთავად და თავისთვის ბათილი, როგორც არაობიექტური სიმადვილე. ამიტომ, განუხორციელებელი მიზნის წანამძღვრის ეს გამეორება მისი ნამდვილი განხორციელების შემდგომ იმგვარად განისაზღვრება, რომ ხდება ობიექტური ცნების სუბიექტური განწყობის კვლავწარმოება და გამარადიულება, რისი წყალობითაც სიკეთის სასრულობა როგორც შინაარსის ისე ფორმის მხრივ მარადიულ ჭეშმარიტებად წარმოდგება ზუსტად ისე როგორც მის განხორციელებას ყოვლითურთ მხოლოდღა ცალკეული, და არა საყოველთაო აქტის სახე აქვს. ეს განსაზღვრება ფაქტობრივად მოხსნილია სიკეთის განხორციელებაში; ის, რაც ობიექტურ ცნებას ჯერ კიდევ საზღვრავს თავის თავზე მისევე საკუთარი თვალსაზრისია, რომელიც უჩინარდება იმაზე რეფლექსიით რაც მის განხორციელებაში თავისთავად მყოფობს. ამ შეხედულებით ის თვითონ იხერგავს გზას და ამიტომ გარეგან სინამდვილეზე კი არ უნდა იყოს მიმართული, არამედ - თავის თავზე. მოღვაწეობა სახელდობრ მეორე წანამძღვარში, წარმოდგება როგორც მხოლოდღა ცალმხრივი თავისთვის ყოფნა; ამიტომ, პროდუქტი წარმოჩნდება როგორც სუბიექტური და ცალკეული რამ, რომელშიც მეორდება პირველი წანამძღვარი; ეს მოღვაწეობა ზუსტად ასევე არის ობიექტური ცნების თავისთავად არსებული იდენტობისა და უშუალო სინამდვილის დადგენა. ეს უკანასკნელი განსაზღვრულია წანამძღვრით, რომ მას მხოლოდღა მოჩვენება ჰქონდეს რეალობად, რომელიც როგორც თავისთავად და თავისთვის ბათილი ობიექტური ცნების მიერ განსაზღვრადია. რადგანაც ობიექტური ცნების მოღვაწეობით გარეგანი სინამდვილე იცვლება, ამით მისი განსაზღვრება იხსნება და სწორედ ამიტომ მას ერთმევა მხოლოდღა მოჩვენებით რეალობა, გარეგანი განსაზღვრებადობა და ბათილობა და ის აქ დგინდება როგორც თავისთავად და თავისთვის არსებული. მასში საერთოდ უქმდება წანამძღვარი, კერძოდ - სიკეთის განსაზღვრება როგორც სუბიექტური და თავისი შინაარსის მიხედვით ზღვარდებული მიზნისა, აუცილებლობა მისი რეალიზებისა მხოლოდ სუბიექტური მოღვაწეობის საშუალებით და თვით ეს მოღვაწეობა. თვით რეზულტატში გაშუალება ხსნის და ინახავს თავითავს; რეზულტატი არის უშუალობა, რომელიც წანამძღვრის აღდგენა კი არ არის, არამედ პირიქით, მისი მოხსნილად ყოფნაა. თავისთავად და თავისთვის განსაზღვრული ცნების იდეა ამით დადგენილია არა მარტო მოღვაწე სუბიექტში, არამედ ზუსტად ასევე - როგორც უშუალო სინამდვილე და პირიქით, ეს სინამდვილე როგორაც ის შემეცნებაში არის - როგორც ჭეშმარიტად არსებული ობიექტურობა. სუბიექტის ცალკეულობა რითაც ის დამძიმებული იყო წანამძღვრის საშუალებით, ამით მასთან ერთად ქრება. ამრიგად, ის ახლა არსებობს როგორც თავისუფალი, თავის თავთან საყოველთაო იდენტობა, რომლისთვისაც ცნების ობიექტურობა ზუსტად ისევეა მოცემული, უშუალოდ მისთვის მყოფი, როგორაც ეს იცის თავისთავად და თავისთვის განსაზღვრულმა ცნებამ. ამგვარად, ამ რეზულტატში ხდება შინაარსის წარმოდგომა და მისი გაერთიანება პრაქტიკულ იდეასთან. წინააღმოჩენილი სინამდვილე იმავდროულად განისაზღვრება როგორც განხორციელებული აბსოლუტური მიზანი და არა მხოლოდღა როგორც სუბიექტურობას მოკლებული ობიექტური სამყარო მაძიებელ შემეცნებაში, არამედ როგორც ობიექტური სამყარო, რომლის შინაგანი საფუძველი და ნამდვილი მდგომობა ცნებაა. ეს არის აბსოლუტური იდეა.
გერმანულიდან თარგმნა გიორგი ბარამიძემ